მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თსუ-ს სტუდენტების და პროფესორების ნაწილი რექტორის გადადგომას მოითხოვს - 06 მარტი 2013

[myrights.ge]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორების ნაწილი რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ისინი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ და ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. თსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტს ამ მოთხოვნებზე მარტივი გამოსავალი აქვს - „ყველაფერს სასამართლოში გავარკვევთ“. 

„თავისუფალ სტუდენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ „უმძიმეს ვითარებაზე“ საუბრობს. მისი თქმით, ალექსანდრე კვიტაშვილი სასწავლო პროცესს ვერ მართავს. ამის დასადასტურებლად მეტრეველს შემდეგი ფაქტი მოყავს: 

„თითოეული ჩვენგანისთვის შოკისმომგვრელი იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ცნობილი ზონდერი ბექა ახლოური, რომელიც წლების განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა სტუდენტებს, დღეს უნივერსიტეტში დაბრუნდა და ადმინისტრაციაში არის დასაქმებული. გამაოგნებელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მედიით გაშუქებული არაერთი გახმაურებული ფაქტი იყო, როცა ახლოური გაუსწორდა განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს“.

ამავე დროს, მეტრეველის თქით, თსუ-დან პოლიტიკური ნიშნით არის განდევნილი არაერთი ლექტორი, ძალიან დამსახურებული ადამიანები: „მათ მოიგეს სასამართლოები, თუმცა მაინც არ აბრუნებენ უნივერსიტეტში. ჩვენი პირდაპირი მოთხოვნაა, რომ უახლოეს დღეებში ბატონმა კვიტაშვილმა დატოვოს თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი სტუდენტურ აქტივობით მაინც მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. მას ელემენტარულად, აკადემიური ხარისხი არ გააჩნია. უნივერსიტეტის მატერიალურ- ტექნიკური ბაზა კრიტიკას ვერ უძლებს, აუდიტორიები გადაჭედილია. სტუდენტები საგნებს დროულად ვერ ირჩევენ, რაც შემდეგ კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფერს პირველ რიგში რექტორის პასუხისმგებლობამდე მივყავართ“.         

პროტესტს თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი პროფესორები უერთდებიან. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი თამაზ ზუბიაშვილი ზაფხულში ჩატარებულ კონკურსში ვერ გავიდა. მისი მტკიცებით, უნივერსიტეტში კონკურსების ჩატარება მიკერძოებით ხდება: 

„წინასწარ ამბობენ, თუ ვინ უნდა გავიდეს. კონკურსი ზაფხულშიც ჩატარდა და განმეორებით დეკემბერშიც. საბუთები ტურიზმის ხაზით შევიტანე, რადგან თავს ღირსეულ კანდიდატად ვთვლიდი. საბაზო განათლებით, გეოგრაფიის და მხარეთმცოდნეობის სპეციალობა დავამთავრე. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში საერთაშორისო კონკურსი გავიმარჯვე და სტაჟირება დამასკოს უნივერსიტეტში გავიარე. შემდეგ კიდევ რვაჯერ გავიმარჯვე საერთაშორისო კონკურსებში. ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროგრამაში და ხუთი წელი ამერიკულ უნივერსიტეტებში გავატარე. თან მაქვს შესაბამისი სერტიფიკატები, რომლითაც არავინ ინტერესდება. კონკურში მონაწილეობის დროს, ამერიკიდან შუამდგომლობის წერილებიც მომივიდა, ამაოდ. ჩემი გარეთ დარჩენის მიზეზი ის არის, რომ ვინც უნდათ ის გაყავთ და შენს კვალიფიკაციას არაფრად აგდებენ. იმის მაგივრად, რომ აქეთ მეხვეწებოდნენ, უარს მეუბნებიან. საგანში ლექციებს როგორც ქართულად, ასევე ინგლისურ ენაზე ვკითხულობ. რადგან თსუ აღარ მიღებს, საათები ავიღე ამერიკულ უნივერსიტეტში და ლექციებს ძირითადად ინგლისურ ენაზე ვკითხულობ. ასევე უცხოელი სტუდენტების სამაგისტრო თემების ხელმძღვანელი ვარ“. 

ზუბიაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტში წესრიგი უნდა დამყარდეს და სამართლიანობა აღდგეს: „რეალურად, ანარქიის და ქაოსის წინაშე ვიმყოფებით. თსუ-ში ხელმძღვანელობა თუ არ შეიცვლება, სულ ასეთი მდგომარეობა იქნება. ვინც საქმეს კარგად და პროფესიულად გაუძღვება, ის უნდა მოვიდეს სათავეში. კონკურსები თავიდან უნდა ჩატარდეს და არჩევა სამართლიანად უნდა განხორციელდეს და არა მიკერძოებულად“. 

ასევე ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ლალი ხიხაძე კონკურსში საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით მონაწილეობდა. მისი თქმით, ყველაფერი ფორმალურად ჩატარდა:

„კონკურსი 9 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. დასაკავებელი ადგილები უკვე წინასწარ გადაწყვეტილი იყო. ვთქვათ, ტურიზმზე უნდა გასულიყო ნანა კაციტაძე, საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით ლარისა ყორღანაშვილი, რადგან მათ მხარდამჭერები ჰყავდათ. მე პირადად, კომისიის ერთ-ერთი წევრის, იაშა მესხიას მხრიდან დევნა განვიცადე. ვამხილე კანონდარღვევაში, რადგან კონტრაქტს არღვევდა. როდესაც პროფესორი უნივერსიტეტში აკონტრაქტზე მუშაობს და ორმაგი დატვირთვითაა, სხვა დაწესებულებაში მუშაობა არ შეუძლია. ამ დროს, ქუთაისის უნივერსიტეტის სრული პროფესორია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავარი სპეციალისტია და ამ კანონდარღვევაში ვამხილე. ჩემზე შურისძიებისთვის აღნიშნულ საკონკურსო კომისიაში შევიდა. ამის შესახებ რექტორს ვაცნობე, რის შესახებ წერილები გამაჩნია. ვუთხარი, რომ იაშა მესხიასა და ჩემს შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს მეთქი. რექტორმა მიპასუხა, თქვენ ხომ უჩივლეთ იაშა მესხიას, ახლა ნახეთ, რა მოგივათო. ოთხი საათი ველოდებოდი, რომ შევხვედროდი მას, საბჭო იწყებოდა და მხოლოდ მისაღებში დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. კომისიიდან მესხიას გამოყვანა მოვითხოვე, მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდოდათ. ჩემს პოზიციაზე, პროფესიით ინჟინერი  ლარისა ყორღანაშვილი გაიყვანეს. ჯერ კომერციის ფაკულტეტზე იყო, შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე, მერე ტურიზმის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. ეს სხვადასხვა დარგებია. ასევე აკადემიურ საბჭოში დაქალი, ქეთევან მარშავა ჰყავდა და სწორედ მათი ხელშეწყობით გავიდა. სრული პროფესორი იყო ეკონომიკის მიმართულებით და ახლა ბიზნესის ადმინისტრების ხაზით გაიყვანეს. მოკლედ, სადაც კი შესაძლებლობა შეექმნათ, მისაღები კანდიდატი გაიყვანეს“.

მისივე თქმით, რექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან „თუ მისი საახლობლოდან, სამეგობროდან არ ხარ, ვერც კონკურსში გაიმარჯვებ“: „ამის გამო, უნივერსიტეტში დარღვეულია სტუდენტების ინტერესები, იგნორირებულია წარმატებული პროფესურა. სტუდენტების და უმრავლესი პროფესურის პოზიციაა, რომ კვიტაშვილი პოსტიდან წავიდეს. 21-ე საუკუნეში უნივერსიტეტს არ ჰყავს რექტორი მეცნიერი, მკვლევარი, მას ლექციების წაკითხვაც არ შეუძლია. ასეთი შემთხვევითი პიროვნება მართავს უნივერსიტეტს“. 

ლამარა ბერიძე ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე მოწვეული პროფესორი იყო მას შემდეგ, რაც თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) რეორგანიზაცია მოხდა და თსუ-ს შეუერთდა. მისი თქმით, მრავალი დაპირების მიუხედავად, რომ სტატუსი და ხელფასი შეუნარჩუნდებოდათ, სტუდენტებს პრობლემები არ შეექმნებოდათ, რეალობა აბსოლუტურად საპირისპირო აღმოჩნდა:

„ყველაფერში მოგვატყუეს და ახლა კვიტაშვილი ჩვენთან შეხვედრებს გაურბის. ამის მერე, სამართლიანი კონკურსის ჩატარებას ველოდებოდი. ჯერ ერთი, არცერთი ადგილი არ დაამატეს; გამონაკლისი ჩვენი ყოფილი რექტორი, თუთნაშვილი იყო, რომელიც ახლა კვიტაშვილის მოადგილეა. სიები წინასწარ იყო ცნობილი, ამას ადმინისტრაცია ხელმძღვანელობდა და კონკურსში სასურველი ხალხის გაყვანა მოხდა. ტოტალური გაყალბების შესახებ საქმე პროკურატურაში მაქვს შეტანილი. მხოლოდ ორი კაცი აწერს  ხელს საბოლოო გადაწყვეტილების ოქმს და ამ დროს, მდივნის ხელმოწერა გაყალბებულია. მის მაგივრად ხელს აწერს ჩვენი დეკანი, აკაკი ხელაძე. 

ამასთან, მე დევნილი პროფესორი ვარ. როდესაც თეუსუ უერთდებოდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, ღიად პროტესტი გამოვთქვი და ხელმოწერები შევაგროვეთ. ერთი შაშკინის სახელზე შევიტანეთ, მეორე რექტორის სახელზე. მაშინ რა შეიცვლებოდა, როცა სისტემა მათ მიერ დანგრეული იყო და ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ. დღემდე იმ წერილებს მახსენებდნენ; ამით ჩემზე, თავისი ჭკუით შური იძიეს. ამ დროს ვაკანსია დარჩა, რადგან ერთი ადგილი დაამატეს. რატომ უნდა დარჩეს თავისუფალი ადგილი, როცა ერთ ადგილზე ექვსი პროფესორი კენჭს იყრის. ეჭვი მაქვს და კომისიის წევრებისგანაც ვიცი, რომ ჩემი დოკუმენტები სხვებზე უფრო უკეთესი იყო. მე რომ არ გავსულიყავი, ღიად დატოვეს ვაკანსია. ამით ამით ეგონათ დავწყნარდებოდი და ლოდინს დავიწყებდი, მერე იქნებ კიდევ რამე იყოს-თქო. კათედრის გამგის, ელგუჯა მექვაბიშვილისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან საათები დამიტოვა.  უარი ვთქვი, რადგან აკადემიურ პერსონალის სიაში არ ვირიცხები. იგივე საათებს, მესამედი და მეოთხედი ანაზღაურებით ხომ არ ჩავატარებდი. მეორეც, თუ კონკურსში ვერ გავედი, მაშინ ვინმე უკეთესი გაეყვანათ. ბავშვებს პროფესორი ხომ სჭირდებათ, ვინმემ ლექცია ხომ უნდა წაიკითხოს? მოწვეული პროფესორი კი სტუდენტებზე იმდენ დროს ვერ ხარჯავს“.

ლამარა ბერიძის შეფასებით, „ალექსანდრე კვიტაშვილის რექტორობა არ შეიძლება, რადაგან ყოველი კონკურსის ჩატარების მერე გვაშაყირებს“: „ ის და ჩვენი დეკანი ამ დროს საზღვარგარეთ მიდიან. ჯერ ერთი მაინტერესებს, სად არის ამდენი თანხები. როდესაც ჯავახიშვილის უნივერსიტეტს შემოვუერთდით, თეუსუს 5 მილიონი შემოსავალი გვქონდა სტუდენტებისგან, 2 მილიონი ეკონომია იყო. სად წავიდა ეს თანხები, ვისზე განაწილდა. ვინც ამათთან გარიგებაში შევიდა, ახლა კარგად არიან. მათ შორის იყო ჩვენი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსი, გიორგი ღაღანიძე, რომელიც აგვისტოს არჩევნების შემდეგ სრული პროფესორია. იმის გამო, რომ მოთხოვნები დავაყენე, ვიდევნები. ვერცერთ კონკურსზე ვერ გავედი და ვაკანსია ღია რჩება. არის თუ არა ეს დევნა? ამიტომ ეს ხელმძღვანელობა უნდა მოსცილდეს. რექტორი არც მელაპარაკება; მეუბნება, შენ რაღაცეებს წერ და არ შეგხვდებიო. მეილზეც მივწერე და სოციალურ ქსელშიც , თუ როგორი დარღვევებით ჩატარდა კონკურსი. არავითარი პასუხი. მერე ფაკულტეტის საბჭოზე მივედი და ვუთხარი, შეკითხვებზე პასუხი გაგვეცით მეთქი. მე შენ არც მიგიღებო, მიპასუხა. შემოვიდეს აუდიტი და დაადგინოს, სად წავიდა ჩვენი სახსრები“. 

თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ კუკულავა კონკრეტული პრეტენზიების მქონე სტუდენტებს სასამართლოსკენ და პრობლემების ცივილიზებული გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერი შეიძლება იყოს დასაქმებული, ხოლო თსუ-ს გარეთ დარჩენილ პროფესორებთან დაკავშირებით გარკვეული დავები სასამართლოში უკვე მიმდინარეობს: 

„უსამართლოდ და უკანონოდ ნამდვილად არაფერი მომხდარა. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, არასწორად ჩატარდა კონკურსი ან გადაცდომა იყო, უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ორგანოებს, სასამართლოს და ცივილიზებული გზით, როგორც წესი და რიგია, გავარკვიოთ ეს ყველაფერი. ამის პრობლემა არ გვაქვს. დავები უკვე მიმდინარეობს, ნაწილს საჩივრები შეტანილი აქვს. ამასთან, ყველა ერთი და იმავე მეთოდს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად არ მიმართავს. 

მოთხოვნებს რაც შეეხება, კონკრეტულ საკითხებზე უნდა ვსაუბრობდეთ და მისი შინაარსიდან უნდა გამოვდიოდეთ. მე პირადად, კონკრეტული ჯერ არაფერი მომისმენია; ზოგადი განცხადებები კეთდება პროცესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს და ის ამ სფეროში უმაღლესი ორგანოა. შესაბამისად, უნივერსიტეტში მასზე მაღლა მდგომი ორგანო რადგან არ არსებობს, პროცედურების მის გარეშე გადახედვა სამართლებრივად შეუძლებელია. მიკვირს, როცა პროკურატურაზე საუბრობენ. რაში დაინახეს კონკურსთან დაკავშირებით დანაშული, ეს რაში გამოიხატება, არავის დაუკონკრეტებია. ყველა შემოიფარგლება ზოგადი ფრაზეოლოგიით, ლოზუნგური მოთხოვნებით, რომ დანაშული მოხდა. რექტორის გადადგომის მოთხოვნას რაც შეეხება, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“. 

კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო, ნათქვამია. ფაქტია, რომ ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში პრობლემები არსებობს და მათ ადეკვატური გადაწყვეტა სჭირდება. პროფესორებთან კონსტრუქციულ დიალოგზე უარის თქმა და მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა, დადებითად არავის ახასიათებს. სასამართლოს გარდა, ალბათ, უნივერსიტეტის შიგნითაც უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც მხარეები იმსჯელებენ და მისაღებ გადაწყვეტილებებს მოძებნიან. 

პოპულარული სტატიები

"ვითხოვთ სიცოცხლის უფლებას და კოჰაბიტაციას"
  ბოლნისი - პატარა ქალაქი ნაცნობი პრობლემებით

შს სამინისტროში გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი – 126 ამოქმედდა

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2014 ყველა უფლება დაცულია